გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერის, იონას გარ სტიორესადმი მიწერილ წერილში გრენლანდიის საკითხი ნობელის მშვიდობის პრემიის ვერ მიღებას დაუკავშირა.
"იქიდან გამომდინარე, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია არ მოეცა 8 ომზე მეტის შეჩერებისთვის, აღარ მიმაჩნია თავი ვალდებულად, რომ მხოლოდ მშვიდობაზე უნდა ვიფიქრო, თუმცა, ეს ყოველთვის იქნება უმთავრესი, მაგრამ ახლა შემიძლია, ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და სწორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის." - წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნორვეგიის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც Bloomberg ავრცელებს.
ცნობისთვის, ნობელის მშვიდობის პრემიას დამოუკიდებელი კომიტეტი გასცემს და არა - ნორვეგიის მთავრობა.
Bloomberg-ისადმი გაგზავნილ განცხადებაში სტიორე წერს, რომ მან უკვე ტრამპს რამდენჯერმე "მკაფიოდ აუხსნა," რომ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ნობელის კომიტეტი იღებს.
ამას გარდა, ტრამპი წერს, რომ "დანიას არ შეუძლია მიწის დაცვა რუსეთისგან ან ჩინეთისგან და საერთოდ რატომ აქვთ 'საკუთრების უფლება'?"
"არ არსებობს წერილობითი დოკუმენტები, მხოლოდ ის, რომ რამდენიმე ასეული წლის წინ იქ ნავი ჩავიდა, მაგრამ იქ ჩვენი ნავებიც ჩადიოდა." - ამატებს ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან NATO-ს დაარსების შემდეგ ალიანსისთვის ყველაზე მეტი გააკეთა და "ახლა NATO-მ უნდა გააკეთოს რაღაც აშშ-სთვის."
"მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, თუკი ჩვენ გრენლანდიაზე სრული და ტოტალური კონტროლი არ გვექნება." - ვკითხულობთ Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ წერილში.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.
პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის "მოპოვება" აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის "მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის" გრენლანდიის მიწაა საჭირო.
თავის მხრივ, ტრამპის განცხადების შემდეგ ევროპის რვა ქვეყანამ ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ამას გარდა, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი.





