ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ალგანი: უარვყოფთ კომპანიის კავშირს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ქმედებებთან

დაცვის კომპანია ალგანი უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ რუსთავში, ალგანის ოფისში, ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს და ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს.

"კომპანია ალგანი კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ და აღწერილ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს მინდა, რომ გითხრათ. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, მინდა მოგახსენოთ და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად კომპანიის თანამშრომლის მიერ." - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას.

დღეს, 17 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

მათი თქმით, ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს "დაცვის კომპანია ალგანი"-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.

კომენტარები