აშშ-ირანი

ტრამპი: გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს უთხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ისაუბრა.

"ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და შეჩერებულია და არ არსებობს სიკვდილით დასჯის გეგმები. მე ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან ახლახან მივიღე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე იქნებოდა, თუ ეს მოხდება, ჩვენ ძალიან გავბრაზდებით". - თქვა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ "დახმარება გზაშია".


ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები