ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

პროკურორი: ღარიბაშვილისთვის ქარხნის ჩამორთმევის საკითხი არ დგას

ნათია თათიაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და ამიტომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მისი ინფორმაციით, საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.

პროკურორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილისთვის ქარხნის ჩამორთმევის საკითხი არ დგას.

"შედგა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უკვე სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და ამავდროულად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით...

[ჯარიმის გადახდის] დროს არ არის განსაზღვრული. ამაზე კონტროლს უკვე აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს... ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა საფუძველი მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების. დაეთანხმა იგი წარდგენილ პირობებს და, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება...

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება, კონკრეტულ სახელსა და გვარებს მე ვერ დაგისახელებთ." - თქვა ნათია თათიაშვილმა.

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა

მუხლი, რომლითაც ღარიბაშვილს ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

კომენტარები