აშშ-რუსეთი

რუსული Telegram არხების ცნობით, აშშ-ს მიერ დაკავებული ხომალდის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის, Marinera-ს კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. 

ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ ხომალდის ბორტზე დაკავებულ 28 პირს შორის 20 უკრაინის, 6 საქართველოს და 2 რუსეთის მოქალაქეა.

ტანკერი, რომელიც წარსულში Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე 7 იანვარს დააკავეს.

მედიის ცნობით, აშშ-ს სანაპირო დაცვამ "ნავთობტანკერზე ასვლა წინააღმდეგობის გარეშე შეძლო".

აშშ ტანკერ Marinera-ს რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა. მანამდე,  The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერის ესკორტირებისთვის რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა.

ორ კვირაზე მეტია, რაც ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელია, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ბლოკადას თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.

ამავდროულად, აშშ-ს სამხრეთის სარდლობამ გაავრცელა ე.წ. ჩრდილოვან ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი Sophia-ს დაკავების ჩანაწერი. სარდლობის განცხადებით, "Sophia საერთაშორისო წყლებში მოქმედებდა და კარიბის ზღვაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა".

კომენტარები