ბაჩო ახალაია

სახალხო დამცველმა ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

ანი ნადარეიშვილი

ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან და შეატყობინეს, რომ "სავარაუდო დარღვევის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაწყებულია საქმისწარმოება 2026 წლის 05 იანვრის N32/26 განცხადების საფუძველზე." ის ასევე წერს, რომ დაუსვეს კითხვები და მოსთხოვეს დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა. 

ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ, 5 იანვარს, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მიმართავდა სახალხო დამცველს და მოითხოვდა, შეესწავლათ ბაჩო ახალაიას მიმართ, სავარაუდო, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, შეეფასებინათ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, როდესაც შეიარაღებული სპეცრაზმი მათ სახლში მივიდა მაშინ, როცა იქ არასრულწლოვანი იმყოფებოდა და სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, აგრეთვე განესაზღვრათ მისი სამართლებრივი სტატუსი.

"მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა დახურა სასამართლო, საზოგადოებას შევპირდი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ საჯაროდ და ჩემი ყველა მოქმედება იქნება გამჭირვალე, ამიტომ ვდებ ჩემს განცხადებას, რომლითაც დღეს მივმართე ომბუდსმენს და აქვე მინდა ჩამოვწერო მიზეზები რატომ ვაკეთებ ამას:

1. რეჟიმი და მისი მსახურნი მომავალში პასუხს აგებენ საკუთარ ქმედებებზე, თითოეული წერილი არის დოკუმენტი, მტკიცებულება, კვალი.

2. მე ვაიძულებ მათ, დატოვონ სამართლებრივი და ისტორიული ჩანაწერი და ჩემი წერილები არ არის თხოვნა - ეს არის ფიქსირება: ვინ როდის რა დაარღვია. რეჟიმები მიდიან, დოკუმენტები რჩება!

3. მე ვმოქმედებ კანონის ფარგლებში, მათ კი ვამხელ კანონის დარღვევაში როცა არ მპასუხობენ, როცა არ მაძლევენ უფლებას, როცა მაჩუმებენ და ეს მათი დანაშაულია და არა ჩემი სისუსტე.

4. ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი.

5. მე არ ველოდები მათ სამართლიანობას, მე ვაშიშვლებ მათ უსამართლობას და ვწერ არა იმიტომ, რომ მჯერა მათი, ვწერ იმიტომ, რომ საზოგადოებამ და მსოფლიომ დაინახოს, თუ როგორ მოქმედებს რეჟიმი, როცა მას პასუხის გაცემას სთხოვენ. ეს არის წინააღმდეგობის სამართლებრივი ფორმა და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ვეღარ გაექცევიან. არ ვთანამშრომლობ რუსებთან!!!" - წერია ანა ნადარეიშვილის Facebook პოსტში.

ბაჩო ახალაიამ 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თქვა, რომ "სუს-ის შენობაში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან სხვა დაკავებულებს ყველას, მანჯგალაძე, ბურჭულაძე... ყველას ამხელთ ძალადობაში... ეს რასაც ვყვები ეხება დახურვას, თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან რომ თქვენს ცოლს დავიჭერთ 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს?" 

მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარი უარყო და ცალსახა ტყუილი უწოდა.

კომენტარები