აშშ-ვენესუელა

ტრამპი ვენესუელაზე: თუ ეს დაგვჭირდება, ხმელეთზე ჯარისკაცების გაგზავნის არ გვეშინია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 
© AP

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს საჭიროების შემთხვევაში ვენესუელაში ჯარისკაცების გაგზავნის არ ეშინია და ამერიკელი სამხედროები ადგილზე სპეცოპერაციის დღესაც იყვნენ მობილიზებულები. მანვე დაამატა, რომ აშშ მზად არის, ეს ხელახლა გააკეთოს, თუ საჭირო გახდება.

ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"ხმელეთზე ჯარისკაცების გაგზავნის არ გვეშინია, თუ ეს დაგვჭირდება. წინა ღამით ხმელეთზე ჯარისკაცები ძალიან მაღალ დონეზე გვყავდა, რეალურად. ამის თქმასთან პრობლემა არ გვაქვს. [...] უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჯეროვანი იქნება. ახლა იქ ვართ. მზად ვართ, ხელახლა წავიდეთ, თუ საჭირო გახდა". - თქვა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდასხმის მეორე ტალღისთვისაც მზად არიან და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა იერიში "იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მეორე სავარაუდოდ არ დასჭირდებათ". 

ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ აშშ-ს შესაძლოა ვენესუელაში წარმომადგენლობის ყოლა ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების გამო დასჭირდეს, თუმცა ეს "ძალიან ბევრი არ იქნება". 

"ვენესუელაში წარმომადგენლობა გვეყოლება, რამდენადაც ეს ნავთობს ეხება, რადგან უნდა გვყავდეს. ჩვენს ექსპერტიზას ვგზავნით. ამიტომ, რაღაც საჭირო იქნება, თუმცა ეს ძალიან ბევრი არ იქნება. ჩვენ მიწიდან უზარმაზარი რაოდენობის დოვლათს ამოვიღებთ და ეს დოვლათი მივა ვენესუელელ ხალხთან და ხალხთან ვენესუელის გარეთ, რომლებიც ადრე ვენესუელაში იყვნენ". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე განმარტა, რომ ვენესუელამ აშშ-ს ნავთობი წაართვა, რომელსაც ის ახლა დაიბრუნებს. მისივე თქმით, აშშ ქვეყანაში მსხვილი ნავთობკომპანიების დაფინანსებით ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების ინფრასტრუქტურაში ინვესტირებასა და მის გაუმჯობესებას აპირებს, შემდგომ კი ამ კომპანიებს ხარჯებს აუნაზღაურებს. 

"ვაპირებთ, რომ ქვეყანა სწორად ვმართოთ. ძალიან სამართლებრივად, ძალიან სამართლიანად იქნება მართული. ძალიან ბევრ ფულს მოიტანს. ხალხს ფულს მივცემთ. იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებელს მოგვიტანენ, ავანაზღაურებთ. ყველაზე ვიზრუნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ დავრთავდით ნებას, რომ თავი დაეძვრინათ. მათ ჩვენი ნავთობი მოიპარეს, აქ მთელი ეს ინდუსტრია ავაშენეთ და უბრალოდ წაგვართვეს, თითქოს არც არაფერი ვყოფილიყავით". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ამავე პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ აშშ ვენესუელის მართვას აპირებს, სანამ დადგება დრო, როდესაც ძალაუფლების სამართლებრივად, უსაფრთხოდ და ჯეროვნად გადაცემა იქნება შესაძლებელი 

მანამდე, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ,აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს

პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მადურო ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება

კომენტარები