აშშ-ვენესუელა

აშშ-ს მიერ ვენესუელის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევას მკაცრად ვგმობთ – ირანის საგარეო

Mehr News Agency

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში აშშ-ს მიერ მიტანილ იერიშს "მკაცრად გმობს" და მას "სამხედრო აგრესიასა" და "რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას" უწოდებს

სამინისტრო თავის განცხადებაში "ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი გაეროსა და მის უშიშროების საბჭოს" აშშ-ს "უკანონო აგრესიის" დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

"ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო თავდასხმასა და ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას მკაცრად გმობს. 

ვენესუელაზე აშშ-ს სამხედრო თავდასხმა გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი წესების თვალნათელი დარღვევაა, კერძოდ, ქარტიის მე-2(4) მუხლის, რომელიც ძალის გამოყენებას ან მუქარას კრძალავს და სრულად აკლასიფიცირებს, როგორც "აგრესიის აქტს".

ის უნდა არაორაზროვნად და დაუყოვნებლივ დაგმოს გაერომ და ყველა სახელმწიფომ, რომელიც კანონის უზენაესობის, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ერთგულია. 

აშშ-ს სამხედრო აგრესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც გაეროს წევრია, რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რისი შედეგებიც მთლიანად საერთაშორისო სისტემაზე აისახება და კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს გაეროს ქარტიაზე დაფუძნებული წესრიგის დაშლასა და განადგურებას. 

ითვალისწინებს რა ვენესუელის განუყოფელ უფლებას, რომ საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევის უფლება დაიცვას, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს, განსაკურებით კი გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს, სამართლებრივ და მორალურ პასუხისმგებლობას, რომ ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ს უკანონო აგრესია დაუყოვნებლივ შეაჩეროს. 

ის ასევე ხაზს უსვამს შესაბამისი ზომების მიღების საჭიროებას, რათა ამ სამხედრო აგრესიის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების ჩამდენებმა და დამგეგმავებმა პასუხი აგონ". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს

კომენტარები