ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბოდიშის მოხდისკენ მოწოდებას კომენტარით უპასუხა.
"BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია." - უთხრეს რადიო თავისუფლებას საელჩოში.
ცნობისთვის, დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ BBC-ის სიყალბის გამო დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
"პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და თქვენ ხედავდით, რომ სკანდალი შექმნეს რომ აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული."
შეგახსენებთ, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.





