ქიმიური იარაღის გამოყენება აქციაზე

Washington Examiner-ის რედაქტორი კობახიძის მიერ ანი ჩხიკვაძის მოღალატედ მოხსენიებას გამოეხმაურა

ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ის საგარეო პოლიტიკის რედაქტორი, ტომ როგანი ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემის კონტრიბუტორის, ანი ჩხიკვაძის "უცხოური გავლენის აგენტად" და "მოღალატედ" მოხსენიებას გამოეხმაურა.

"ჩვენი კონტრიბუტორი კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც საქართველოს მთავრობის კორუფციასა და რუსეთისადმი თვითდამორჩილებას აკრიტიკებს". - წერს Washington Examiner-ის რედაქტორი X-ზე.

მანამდე, ივანიშვილის რეჟიმის პრემიერმა ანი ჩხიკვაძის მიერ Washington Examiner-ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც ჟურნალისტი ქართული ოცნების მიერ აქციების დაშლის დროს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე წერს.

"ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი. ის მუშაობდა ამერიკის ხმაში – ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტი ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის ხმის მიმართ, ეს მედიასაშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის, კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებიდან აგრძელებს ასეთივე საქმიანობას. რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა, ასეთი ადამიანებისგან ღალატი არ უნდა გაგვიკვირდეს". - თქვა კობახიძემ.

კომენტარები