აშშ

აშშ-ში ICE-მა გოდერძი გუჯაბიძე დააკავა, რომელიც მანამდე მომხდარ ავარიაში ფიგურირებდა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფედერალურმა საიმიგრაციო სააგენტომ 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე დააკავა, რომელიც მანამდე ინდიანის შტატის გზატკეცილზე მომხდარ ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევაში ფიგურირებდა.

ავარიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუჯაბიძე თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს, რის შემდეგაც აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურმა გუჯაბიძის არ გაშვება მოითხოვა და ფედერალურმა სააგენტომ იგი მალევე დააკავა.

აშშ-ს ინდიანის შტატის ბუნის ოლქის შერიფის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გუჯაბიძე ავტომობილების გადამზიდ სატვირთოს მართავდა, როდესაც სამხედრო Humvee-სთან და თეთრი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილთან შეჯახება მოხდა. Humvee-ში ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი ისხდა, რომელთაგანაც 23 წლის ტერი ფრაი ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. დანარჩენი სამი გვარდიელი კი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. 

Subaru-ს მძღოლი 51 წლის ვერონიკა ვებსტერი იყო, რომელსაც დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ხოლო გოდერძი გუჯაბიძე, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, შერიფის ოფისში გადაიყვანეს, სადაც თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს. 

გამომძიებლები ამბობენ, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. NewsNation-ის მიხედვით, გუჯაბიძე გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, ხოლო მისი მშობლიური ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის.

"ინდიანის ეროვნული გვარდიელი, ტერი ფრაი, ცოცხალი უნდა იყოს," დაწერა ინდიანის შტატის სენატორმა, ჯიმ ბენკსმა სოციალურ ქსელში და დაამატა, რომ სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისიას აშშ-ში არალეგალურად მყოფი ყოველი პირის დეპორტაციის შესახებ, "რათა ასეთი ტრაგედიები აღარასდროს მოხდეს."

თუმცა, ადგილობრივი რეპორტიორის ინდიანის შტატიდან, ეშტონ ჰეკმენის ცნობით, დაღუპული ტერი ფრაის ოჯახმა ითხოვა, რომ მათი ოჯახის წევრის სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. 

კომენტარები