კრიმინალი

მოზარდი ძალადობით და უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა – კასპში დაკავებულს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე კასპში დაკავებულ 73 წლის კაცს ბრალდება წარუდგინა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

73 წლის კაცი პოლიციამ 3 ნოემბერს დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენულ ვადაში მიმართავენ.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა.

კომენტარები