ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი ამბობს, რომ გაბუნია მისი დაკავებით გაოგნებულია.
"საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, მაგრამ ის მრავალტომიანია [...] თვითონ კობა გაბუნია რას ამბობს და გაოგნებულია [...] როგორც მეუბნება, რასაც მედავებიან, ეს ყველაფერი ჩემს ფუნქციებში არ შედიოდაო.
ხომ არ შეიძლება, ადამიანი პასუხისგებაში მარტო ვიღაცის ჩვენების საფუძველზე მისცე, თუ სხვა მტკიცებულებები არ გაქვს. მისი სახლიდან ფული არ ამოუღიათ, მხოლოდ ტელეფონები. კობა გაბუნია ჯერ არც კი გამოუკითხავთ". - თქვა დაკავებული გაბუნიას ადვოკატმა, გოჩა კვირიკაშვილმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
კობა გაბუნიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით; 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





