შსს-ს ცნობით მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს - მათ ქვეყნიდან გააძევებენ.
"მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე. მათ შორის არიან - განას, ერაყის, პაკისტანის, ჩინეთის, იემენის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.





