ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე - გ. ა. და ფ. დ. დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ტკბილეულს და ყავას ამზადებდნენ, რასაც Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის შეფუთვით ყიდდნენ.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი Raffaello-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია ყავა Jacobs Monarch-ის და Carte Noire-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder Schokolade, Jacobs Monarch-ის და Raffaello-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც იყიდებოდა აღნიშნული პროდუქცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით" - ნათქვამია განცხადებაში.

![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)



