ისრაელის არმიამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დახმარების მიწოდება მას შემდეგ გაგრძელდა, რაც თავდასხმის შედეგად IDF-ის ორი სამხედრო დაიღუპა, რასაც ისრაელის მხრიდან ჰამასზე საპასუხო იერიშები მოჰყვა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია. მისი თქმით, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შესაძლოა, შეთანხმების დარღვევაში გარეული არ იყოს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, [ჰამასის] ხელმძღვანელობა ამაში გარეული არაა," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს: "ნებისმიერ შემთხვევაში... ეს მტკიცედ, მაგრამ სათანადოდ მოგვარდება."
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ისრაელელმა წყარომ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება 20 ოქტომბრიდან გაგრძელდება.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ იერიშის ფარგლებში ღაზის სექტორის მასშტაბით ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის, მეთაურებს, მებრძოლებს, გვირაბებსა და იარაღის საწყობებს მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წევრებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ, რასაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.





