ჰამას-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმება

ნეთანიაჰუს თქმით, IDF "მტკიცედ იმოქმედებს" მას შემდეგ, რაც ჰამასი ისრაელელ სამხედროებს დაესხა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) მოუწოდა, რომ "ღაზის სექტორში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ მტკიცედ იმოქმედონ", მას შემდეგ, რაც ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ისრაელელ სამხედროებზე იერიში მიიტანა. 

ცოტა ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და შეთანხმების გაფორმებიდან 9 დღეში ქალაქ რაფაში ისრაელელ სამხედროებს თავს დაესხა, რის პასუხადაც ისრაელმა ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანა. 

IDF-ის მიხედვით, ჰამასმა ისრაელელ ჯარისკაცებზე იერიში რეაქტიული ყუმბარსატყორცნითა და სნაიპერული შაშხანით მიიტანა, რაც "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უტიფარი დარღვევაა". 

ტერორისტულმა დაჯგუფებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინციდენტი ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ჰამასის მტკიცებით, ადგილზე თავის ტერორისტებთან შეხება თვეების განმავლობაში არ ჰქონია. 

ისრაელი ჰამასს სამხრეთ ღაზაში ისრაელის სამხედროებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. საპასუხოდ ისრაელმა ქალაქ რაფაზე საჰაერო იერიში მიიტანა. 

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ თუ ჰამასი ღაზაში მკვლელობებს არ შეწყვეტდა, მათი განადგურება მოუწევდა. 

"თუ ჰამასი ღაზაში ადამიანების ხოცვას გააგრძელებს, რაც შეთანხმების საკითხს არ წარმოადგენდა, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ შევიდეთ და მოვკლათ ისინი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - განცხადა ტრამპმა.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჰამასმა, სულ მცირე, 33 ადამიანი მოკლა იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებმაც ღაზაში მათი "ძალაუფლება გამოცადეს."

კომენტარები