აშშ-ვენესუელა

NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ CIA-ის ვენესუელაში ფარული ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა

New York Times რამდენიმე აშშ-ს ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარული ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნებართვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვენესუელაზე ზეწოლის კამპანიის გამკაცრების უკანასკნელი ნაბიჯია და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, საბოლოო მიზანი ვენესუალას ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

გამოცემის ცნობით, ახალი უფლებამოსილებით CIA-ს ვენესუელაში ლეტალური ოპერაციების ჩატარება და კარიბის რეგიონში სხვადასხვა სახის ოპერაციის წარმოება შეუძლია.

NYT იუწყება, რომ სამსახურს შეეძლება ფარული მოქმედებები განახორციელოს უშუალოდ მადუროს ან მისი მთავრობის წინააღმდეგ, როგორც დამოუკიდებლად, ისე უფრო ფართო სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. ამ დროისთვის უცნობია, გეგმავს თუ არა CIA რაიმე ოპერაციას ვენესუელაში, თუ ეს უფლებამოსილება მხოლოდ სარეზერვოდ არის გაცემული.

გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის ვენესუელის მიმართ სტრატეგია, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფის დახმარებით შეიმუშავა, მიზნად მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ისახავს.


ცნობისთვის, New York Times წყაროებზე დაყრდნობით 29 სექტემბერს წერდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩევლებმა გააძლიერეს მცდელობები, რათა ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობაში დაარწმუნონ. 

მაღალჩინოსნების თქმით, ამ ძალისხმევას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. NYT-ის ცნობით, რუბიო ამბობს, რომ მადურო არალეგიტიმური ლიდერია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ექსპორტს ზედამხედველობს, რაც რუბიოს აზრით, აშშ-სთვის "მყისიერ საფრთხეს" წარმოადგენს.  

NYT-თან საუბრისას მაღალჩინოსნებმა ასევე დაამატეს, რომ რუბიოს მიდგომას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი და ტრამპის მთავარი მრჩეველი შინაგან საქმეთა საკითხებში, სტივენ მილერიც ემხრობიან. 

მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, ვენესუელამ განაცხადა, რომ ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს ხუთი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შენიშნეს. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინომ ინციდენტს აშშ-ს მხრიდან "პროვოკაცია" უწოდა, რაც მისი თქმით, ვენესუელის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. 

"ეს საბრძოლო თვითმფრინავებია. საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის ვენესუელის სანაპიროსთან მოახლოებაც ამერიკულმა იმპერიალიზმმა გაბედა," თქვა პადრინომ. 

ვენესუელის მთავრობის მიხედვით, ამერიკული თვითმფრინავი ქვეყნის სანაპირო ხაზიდან 75 კილომეტრის დაშორებით შენიშნეს. 

დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.

ხოლო გამოცემა Axios ჯერ კიდევ 18 იანვარს წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს. გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობდა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან". 

კომენტარები