4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

ტაბულა

შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი გ.კ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

8 ოქტომბერს ღამით გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 12 პირი დააკავეს. 

კომენტარები