ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია – კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დასავლური მედია "ტოტალურად ერთი ხელით იმართება". 

ეს განცხადება კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებას შეეხებოდა. 

კობახიძე ამბობს, რომ დასავლური მედიები "იმდენად ერთი ხელით იმართებიან, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბჭდვა ძალიან მარტივია".

"მე დღეს ბრიფინგზე ვსაუბრობდი, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დასავლურ პოლიტიკურ ბიუროკრატიაში და ელიტაში. ეს პროცესები გვიჩვენებს იმას თუ რა მძიმე მდგომარეობაა დასავლურ მედიაში - ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე არავის უკვირს ის, რომ ასეთ, თავის დროზე, ძალიან პრესტიჟულ გამოცემაშიც კი, ნებისმიერი ტყუილი შეუძლიათ დაბეჭდონ. იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება ძალიან მარტივად. 

თუმცა, ქართული საზოგადოებისთვის არა აქვს ამასაც ბუნებრივია ფასი, საზოგადოებაც უყურებს იმას თუ რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს" - ამბობს  კობახიძე.

7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და The New York Times-სა და The Guardian-ში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს გამოეხმაურა. წიქვაძის მტკიცებით, The New York Times და The Guardian "ზუსტად იგივე გავლენის ქვეშ არიან და მოქმედებენ, როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები".

კომენტარები