7 ოქტომბერს სირიის თავდაცვის მინისტრი, მურჰაფ აბუ კასრა და სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) გენერალი, მაზლუმ აბდი ყველა ფრონტზე, ჩრდილოეთ და ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმების დადებისთანავე ამოქმედდა.
გასულ პერიოდში SDF-სა და სირიის ახალი ხელისუფლების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა, რაც ძირს უთხრიდა 2025 წლის მარტში მხარეებს შორის დადებულ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქურთული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებში უნდა ინტეგრირებულიყო.
AFP-ს ცნობით, ახალ შეთანხმებამდე SDF-ის ლიდერი, მაზლუმ აბდი სირიის ახალი მთავრობის ხელმძღვანელს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. ეს ივლისის შემდეგ მათი პირველი შეხვედრაა. ანონუმური წყაროების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი სირიაში, ტომ ბარაკიც და ადმირალი ბრედ კუპერი, რომელიც აშშ-ს ცენტრალურ სარდლობას მეთაურობს.
SDF-ი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციას, იგივე როჟავას აკონტროლებს. ეს არის სირიელი ქურთების დე ფაქტო ავტონომიური რეგიონი. მათი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთი და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებია. SDF-ის სამხედრო რაზმები სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) და ქალთა დაცვის დანაყოფებია (YPJ).
წარსულში სირიელი ქურთების მთავარი პარტნიორი აშშ იყო. SDF-ის ძალები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, ISIS-ს.
სახალხო თავდაცვის დანაყოფები სირიის არმიის ქურთი დეზერტირებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) გამოცდილი მებრძოლების მიერ შეიქმნა. PKK ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებულია თურქეთთან. ანკარას როგორც PKK, ისე YPG ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. YPG-ს მხარს უჭერენ ერაყელი ქურთებიც.





