სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, ხოლო უკრაინის მოქალაქეს - 1976 წელს დაბადებულ რ.ტ.-ს
ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მათ 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს ქინდერლი ჯორჯია, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შპს "ქინდერლი ჯორჯია“ ახდენდა სუროგატი დედების მოძიებას და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისთვის, ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კრიმინალი
სუროგატი დედებისთვის მისაცემი თანხა მიითვისეს - 1 უცხოელი დააკავეს, მეორეს ბრალი წარედგინა





