13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას, მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით ვერავინ გააცურებს!
ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ.





