ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ტრამპის თქმით, ჰამასს 3-4 დღე აქვს ღაზის სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას 3-4 დღე აქვს მისი ადმინისტრაციის მიერ ღაზის სექტორისთვის შემუშავებული სამშვიდობო გეგმის მისაღებად. 

მან რეპორტიორებს უთხრა, რომ ისრაელი და არაბი ლიდერები გეგმას დათანხმდნენ და ახლა "ჩვენ მხოლოდ ჰამასს ველოდებით."

ტრამპის თქმით, ჰამასს პასუხის გასაცემად დაახლოებით "სამი ან ოთხი დღე" აქვს.

"ჰამასი ან ამას გააკეთებს ან - არა, და თუ არა, ეს ძალიან სამწუხარო დასასრული იქნება," თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

კითხვაზე, არსებობს თუ არა სივრცე სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვისთვის, ტრამპმა უპასუხა, რომ "არც ისე ბევრი."

ცნობისთვის, 29 სექტემბერს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა ღაზის სექტორისთვის.

კომენტარები