აშშ ახლო აღმოსავლეთში

ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობაში აშშ-სთან ერთად, ერაყისა და სირიის ძალები მონაწილეობდნენ

19 სექტემბერს აშშ-ს არმიამ განაცხადა, რომ სირიაში ჩატარებული რეიდის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.

ერაყის ოფიციალური პირების თქმით, რეიდი აშშ-ს არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებმა, ერაყის სპეციალური ოპერაციების ძალებთან (ISOF) და სირიის სპეციალური დანიშნულების რაზმებთან ერთად ჩაატარეს.

ამასთან, მისიის დროს საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ს არმიის 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკი (SOAR) უზრუნველყოფდა.

აშშ-ს არმიის განცხადების მიხედვით, რეიდის დროს ომარ აბდულ კადერი მოკლეს, რომელიც "აშშ-ზე თავდასხმას ცდილობდა." 

თავის მხრივ, ერაყული უწყების ცნობით, ISIS-ის წევრი, რომელიც "აბდულ რაჰმან ალ-ჰალაბის" სახელით იყო ცნობილი, დაჯგუფების საგარეო ოპერაციებისა და უსაფრთხოების უფროსი იყო. 

ერაყის კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, მას ბრალად ედებოდა რამდენიმე ქვეყანაში თავდასხმებისთვის ზედამხედველობა, მათ შორის ლიბანში ირანის საელჩოს დაბომბვა და ევროპასა და აშშ-ში სხვა ოპერაციების დაგეგმვა, რომელთა ჩაშლაც სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით მოხერხდა.

კომენტარები