აშშ-სირია

25 წლის შემდეგ პირველად, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვია

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შაიბანი
REUTERS/Shamil Zhumatov/Pool/ File Photo

ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია. პარალელურად, Reuters-ის ცნობით, აშშ დამასკოს მხარდამჭერ პოლიტიკას ააქტიურებს, სანქციებს აუქმებს და ისრაელსა და ახალ ისლამისტ მმართველებს შორის შუამავლობს.

სენატორმა ლინდსი გრემმა Axios-ს განუცხადა, სირიის ახალი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შაიბანი აშშ-ს კონგრესის წევრებს შეხვდება, რათა სირიაზე დაწესებული დარჩენილი სანქციების მოხსნა განიხილონ. 

ამასთან, აშშ ისრაელსა და სირიას შორის შუამავლის როლსაც ასრულებს. სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს განერალურ ასამბლეას დაესწრება, განაცხადა, რომ ისრაელთან უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს “მომდევნო დღეებში” ექნება შედეგი.

აშშ-მ სირიას მკაცრი სანქციები 2011 წელს დაუწესა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა, ირანისა და რუსეთის მოკავშირემ, საპროტესტო აქციები ძალადობრივად ჩაახშო, რასაც თითქმის თოთხმეტწლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა.

2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმი ალ-შარაას ამბოხებულებმა ძალებმა დაამხეს, რის შემდეგაც ვაშინგტონი და დამასკო დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორებაზე მუშაობენ. 2025 წლის მაისში შარაასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციების გაუქმებას გეგმავდა.


ცნობისთვის, გუშინ გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელმა სირიას ახალი უსაფრთხოების შეთანხმების დეტალური წინადადება წარუდგინა, რომელიც დამასკოს სამხრეთით დემილიტარიზებული ზონების რუკასაც მოიცავს.

ამასთანავე, AFP-ს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ წლის ბოლომდე სირია ისრაელთან რამდენიმე უსაფრთხოების და სამხედრო შეთანხმებას გააფორმებს.

სამინისტროს ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესია და რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა "წლის ბოლომდეა" მოსალოდნელი.

კომენტარები