გამოცემა The Associated Press ანონიმურ ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 9 სექტემბერს დოჰაში ჰამასის ლიდერებზე იერიშისთვის ისრაელმა ბალისტიკური რაკეტები წითელი ზღვიდან ისროლა, რითაც კატარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევას თავი აარიდა.
AP News ანონიმურ ისრაელელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა მისიისთვის დაახლოებით 10 თვითმფრინავი გამოიყენა და დაახლოებით 10 რაკეტა ისროლა.
ისრაელს იერიშის დეტალები ოფიციალურად არ დაუზუსტებია და არ განუმარტავს, თუ რა იარაღები გამოიყენა.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის მიერ შერჩეული სროლის მიმართულება მოულოდნელი იყო კატარისთვის და აშშ-სთვის, რომლის ალ-უდეიდის ავიაბაზაც დოჰასთან ახლოს მდებარეობს.
AP ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელური რაკეტები დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიემართებოდა და ამ მიმართულებას კატარში მდებარე ამერიკული და კატარული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, სავარაუდოდ, არ მეთვალყურეობდნენ, რადგან საფრთხეს ძირითადად ჩრდილოეთიდან, ირანიდან, ან სამხრეთიდან მოელიან, სადაც ტერიტორია იემენელ ჰუსიტებს უკავიათ.
გარდა ამისა, ამ ნაბიჯით ისრაელმა სპარსეთის ყურის გარშემო ქვეყნების, კერძოდ, საუდის არაბეთის, საჰაერო სივრცის დარღვევას თავი აარიდა.
ბრიტანელმა ექსპერტმა, სიდჰართ კაუშალმა AP-სთან საუბრისას თქვა, რომ მოქმედებდა "პოლიტიკური ფაქტორიც, პროცესში საუდის საჰაერო სივრცეში არ მიფრინავ და მათ სუვერენიტეტს არ არღვევ, რაც აშკარად სასარგებლოა, თუკი [...] საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი გაქვს".
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაცხადა, რომ, უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთთან თანამშრომლობით, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. იერიშების სამიზნე კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობდა.
ისრაელის მე-12 არხთან საუბარში მაღალჩინოსანმა თქვა, რომ იერიშისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანხმობა არსებობდა.
არაბულენოვანი მედიის ცნობით, იერიშის დროს შენობაში იმყოფებოდა ჰამასის ყველა მაღალი დონის ლიდერი, მათ შორის პოლიტიკური ფრთის მეთაური ხალილ ალ-ჰაია. ამას გარდა, ამავე ცნობებით, შენობაში იმყოფებოა ჰამასის დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი ნაწილის მეთაური, ზაჰერ ჯაბარინი, ჰამასის შურას საბჭოს ხელმძღვანელი მუჰამედ დარვიში და უცხოეთში ჰამასის ლიდერი, ხალედ მაშაალი. მაშაალი, რომლის მკვლელობა ისრაელმა ჯერ კიდევ 1997 წელს ცადა, დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ლიდერია.
კატარმა საკუთარ ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ მიტანილი ისრაელის იერიში "მკაცრად დაგმო" და დარტყმას "ლაჩრული" უწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ ანსარის თქმით, სამიზნე იყო საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც ჰამასის პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა. მისივე თქმით "კრიმინალური თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა". მან ასევე აღნიშნა, რომ კატარი "არ შეეგუება ისრაელის მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებას, რეგიონული უსაფრთხოებისთვის მიმდინარე ძირის გამოთხრასა და არც უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს".
კატარელი მაღალჩინოსნის თქმით, ჰამასის ლიდერები შეკრებილი იყვნენ, რათა განეხილათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ფორმატი, რომელიც გასულ კვირაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა წარადგინა.





