პარტია ლელო ძლიერი საქართველო, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, უკვე მეორე დღეა, რაც ქართული ოცნების შტაბში კახი კალაძეს "მობილიზებული ჰყავს ქუჩის ზონდერები", რომლებიც აქციის მონაწილეებს უსწორდებიან.
განცხადებაში ნათქვამია რომ შსს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას უმოქმედობით პასუხობს - "ფიზიკური დაპირისპირების და პროვოკაციის საფრთხე იზრდება და ისევე როგორც გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ხელისუფლების მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას უმოქმედობით პასუხობს."
პარტიის აზრით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ოცნებასთან დაკავშირებული პირები ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე.
"ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები შეუფერხებლად ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც არსებობდა ყველა გარემოება ამ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისათვის. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ არის დაკავებული, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ მოძალადე ჯგუფების ხელისუფლებასთან კავშირს და მიუთითებს პოლიციისთვის მიცემულ პირდაპირ დავალებაზე - არ დააკავონ მოძალადეები."
ლელო მოუწოდებს შსს-ს.- "დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი დაპირისპირების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრსა და სამინისტროს პირად შემადგენლობას!"
ცნობისთვის, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ქალებსა და ჟურნალისტებს.
დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ კალაძის საარჩევნო შტაბთან.





