28 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბანში სამშვიდობო მისიის 2026 წლის ბოლომდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ერთწლიან პერიოდში მისია "თანმიმდევრულ და უსაფრთხო შემცირებასა და [ქვეყნიდან] გასვლის" პროცესს დაიწყებს, რითიც ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისია დასრულდება.
გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
ლიბანში გაეროს დროებითი ძალები (UNIFIL), რომელიც 1978 წელს შეიქმნა, ისრაელთან ლიბანის სამხრეთ საზღვარს პატრულირებს.
ისრაელი მისიის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ჰეზბოლას მიერ სამხრეთ ლიბანში პოზიციების განმტკიცების საპასუხოდ UNIFIL მის წინააღმდეგ შესაბამისს ზომებს არ იღებდა.
აშშ თავდაპირველად ისრაელის პოზიციას ემხრობოდა, თუმცა საბოლოოდ უშიშროების საბჭოს დანარჩენ წევრებს შეუერთდა და მხარი ლიბანში გაეროს ძალების კიდევ ერთი წლით დარჩენას დაუჭირა.





