ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, დღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა, სადაც განიხილავენ ივანიშვილის პრემიერმინისტრის მიერ დაინიცირებულ კანონს, რომელიც სექტემბრიდან შევა ძალაში და რომლის მიხედვითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეები ვეღარ შეძლებენ რამდენიმე პოზიციაზე მუშაობას.
"დღეს ანტიკორუფციული ბიურო მართავს შეხვედრას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამავდროულად იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე სექტემბრიდან-ნოემბრიდან შევა ძალაში.
რა არის ეს ცვლილებები: თქვენ იცით, რომ საჯარო სექტორში არსებობდა ასეთი ცუდი პრაქტიკა, როცა საჯარო მოხელე რამოდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა, აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს, დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. [...]
კანონი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო მიმართულებებს. თქვენ იცით, რომ არსებობს მთელი რიგი დარგები, სადაც არის დეფიციტი დარგობრივი, რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება აღნიშნულ პირებს. აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად, რამოდენიმე თეატრში არის დასაქმებული და სპექტაკლში მონაწილეობს. ამიტომ, ძალიან სწორი და დროული იყო აღნიშნული ცვლილება" - განაცხადა კუპრაშვილმა.
მისივე განცხადებით, ახალი ცვლილებით დამკვიდრდება მამხილებლის ინსტიტუტი. მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, ან საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი.
"შემდეგი ცვლილება ეს არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე, სადაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. [...] მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს და გამჭვირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება" - თქვა კუპრაშვილმა.





