სირიის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, სირიის არმიამ ქალაქ სუვაიდას დატოვება დაიწყო.
სამინისტროს განცხადების თანახმად, სირიის არმიამ "ქალაქში უკანონო დაჯგუფებების ძიების დასრულების შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულების ფარგლებში ქალაქ სუვაიდადან გასვლა დაიწყო".
განცხადებაში სხვა სამთავრობო უსაფრთხოების უწყებების ძალები ნახსენები არ არის.
ცოტა ხნით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ სირიაში ყველა მხარე "კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და შემაძრწუნებელ სიტუაციას ამ ღამით დაასრულებდა".
მანამდე, სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო და სირიელი დრუზების ერთ-ერთი სასულიერო ლიდერი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქალაქ სუვაიდაში სამთავრობო ძალებმა და ადგილობრივმა დრუზებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.
აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, X-ზე დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო". მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ.
15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად.
ქალაქში შესვლის შემდეგ სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ “ცეცხლის შეწყვეტა” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “სამხედრო ქცევის დასარეგულირებლად და დამნაშავეების დასასჯელად” ადგილზე სამხედრო პოლიცია გააგზავნეს.
დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.
ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში 300-ზე მეტი ადამიანი არის მოკლული, მათ შორის, 18 ბედუინი მებრძოლი, სამთავრობო ძალების 165 წარმომადგენელი, 69 დრუზი მებრძოლი და 40 დრუზი მშვიდობიანი მოსახლე, რომელთაგან 27 "თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წევრებმა... სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს".





