დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სირიის რეჟიმზე იერიშების შეჩერებისკენ მოუწოდა

Rami AL Sayed/AFP via Getty

გამოცემა Axios ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სირიის რეჟიმზე იერიშების შეწყვეტა და დამასკოსთან მოლაპარაკებების დაწყება სთხოვა. 

Axios-ის წყაროს თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები შეშფოთებულები არიან, რომ ისრაელის იერიშებმა სირიის ახალი მთავრობის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს. ანონიმურმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ იერიშებმა ისრაელსა და სირიას შორის ახალი უსაფრთხოების შეთანხმებაზე მიღწეული პროგრესს ძირი შეიძლება გამოუთხაროს. 

Axios მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, ტომ ბარაკმა დეესკალაციის მიზნით ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროს მრჩეველთან, რონ დერმერთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა. 

"ისრაელელებს ვუთხარით, რომ საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობიდან გამოვიდნენ და ამოისუნთქონ". - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.

აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, X-ზე დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო". მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ. 

15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად. 

ქალაქში შესვლის შემდეგ სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ  “ცეცხლის შეწყვეტა” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “სამხედრო ქცევის დასარეგულირებლად და დამნაშავეების დასასჯელად” ადგილზე სამხედრო პოლიცია გააგზავნეს. 

დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”. 

კომენტარები