ევროკავშირი

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტობაზე უნდობლობის კენჭისყრა დაძლია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
AP Photo/Virginia Mayo

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 10 ივლისს ევროპარლამენტში უნდობლობაზე კენჭისყრას გადაურჩა, რითაც ის თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს. 

ევროპარლამენტის უმრავლესობამ ევროკომისიის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხმა არ მისცა რადიკალურად მემარჯვენე ფრთის მიერ წარდგენილ წინადადებას უნდობლობის გამოცხადების შესახებ. წაგების შემთხვევაში ფონ დერ ლაიენსა და მისი კომისიის დანარჩენ წევრებს გადადგომა მოუწევდათ.

წინადადებას მხარი 360-მა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა, 175 მიემხრო, ხოლო 18-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. კენჭისყრაზე 720 ევროპარლამენტარიდან ხმის მისაცემად 553 მათგანი გამოცხადდა, ხოლო ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 357 ხმა იყო საჭირო. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მხარს უჭერდა მისივე ევროპის სახალხო პარტია, ისევე როგორც სოციალისტები, განახლებული ევროპის ლიბერალები და მწვანეთა პარტია, მათგან ბევრი ევროპარლამენტარი კენჭისყრაზე არ გამოცხადებულა. 

ამასთან, ეს უნდობლობაზე პირველი კენჭისყრაა 2014 წლის შემდეგ, რაც გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებულ მზარდ პოლიტიკურ ოპოზიციას ასახავს. ამას გარდა, კენჭისყრის პროცედურა სხვადასხვა პოლიტიკურმა ფრთამ კომისიის წინააღმდეგ უკმაყოფილებების გამოსახატად გამოიყენა.

კომენტარები