დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მედია: ტრამპის ადმინისტრაციამ სირიის HTS-ს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა

REUTERS/Ammar Awad

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ალ-ნუსრას ფრონტს, იგივე ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ინფორმაციას მედია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გენერალურ პროკურორთან და სახაზინო მდივანთან კონსულტაციით, ვაუქმებ ალ-ნუსრას ფრონტის, იგივე ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას". - ნათქვამია დოკუმენტში.

Reuters-ის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელს მარკო რუბიო აწერს, 23 ივნისით თარიღდება და მისი გამოქვეყნება ხვალ იგეგმება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ კვირაში დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულება სირიის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების გაუქმების შესახებ.

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. გასული წლის დეკემბერში სირიის ახლანდელი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით ჰაიათ თაჰრირ ალ-შამიმ სხვა ისლამისტ ამბოხებულებთან ერთად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში წამოიწყო, რის შედეგადაც ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა.

კომენტარები