ISSA-ს კვლევა

უმრავლესობის აზრით, ოცნების საგარეო კურსი რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურება - ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის და ყველა სამიზნე ქვეჯგუფის (ქართული ოცნების ამომრჩევლების გარდა) უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოცნების საგარეო კურსი რუსეთის და რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურება.

კერძოდ, კითხვაზე, როგორ დაახასიათებდით, დღესდღეობით, ქართული ოცნების საგარეო კურსს, მოსახლეობის 55% ამბობს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება, 30% კი თვლის, რომ ქართული ოცნება ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არცერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს.

ქართული ოცნების საგარეო კურსს რუსეთის და რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს თბილისელების 62%, რეგიონების ამომრჩევლის 52%, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლის 88% და ქართული ოცნების ამომრჩევლის 11%.

ამავე კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრების მოლოდინი არ აქვს: საქართველოს მოსახლეობაში - 46%-ს - თბილისის მოსახლეობაში - 56%-ს, რეგიონების მოსახლეობაში - 42%-ს, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში - 81%-ს. რაც შეეხება ქართული ოცნების ამომრჩევლებს, თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია.

ყველა სამიზნე ჯგუფში (ოცნების ამომრჩევლების გარდა) გამოკვეთილი უმრავლესობა აღიარებს, რომ დიდი ან სერიოზული საფრთხე არსებობს, საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

ქართული ოცნების მომრჩეველთა ჯგუფში ამ საფრთხეს ხედავს მესამედი, ხოლო უმრავლესობა (53%) ფიქრობს, რომ ამის მცირე ან არავითარი საფრთხე არ არსებობს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეუჩერდება უვიზო მიმოსვლა, ყველა სამიზნე ჯგუფი, ქართული ოცნების ამომრჩევლების გარდა, ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ ოცნებას. ოცნების ამომრჩევლებში კი, პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი გადატანილია ოპოზიციაზე.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა - სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა.

შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი - 71%. რაც შეეხება შერჩევის მეთოდს - კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. 

კომენტარები