საპროტესტო აქციები

საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის 43% და თბილისელების 62% ემხრობა - ISSA

აქცია პარლამენტთან, 29 ნოემბერი

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის 43% ემხრობა, ხოლო 35% - არა. მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%).

რეგიონებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%.

რაც შეეხება ქართული ოცნების ამომრჩევლებს, საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%), ხოლო ემხრობა - 7%.

ამავე კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის (55%), თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა (88%). რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება ქართული ოცნების ამომრჩეველთა 82%.

მეტი მხარდაჭერაა გამოხატული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მიმართ. საქართველოს მოსახლეობის 73% ემხრობა დაკავებულების გათავისუფლებას, თბილისელების 79%, რეგიონების - 70%, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლის 92%.

ISSA აღნიშნავს, რომ თვით ქართული ოცნების ამომრჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას (ეწინააღმდეგება - 50%).

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა - სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა.

შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი - 71%. რაც შეეხება შერჩევის მეთოდს - კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. 

კომენტარები