ირანის ბირთვული პროგრამა

ისრაელი გერმანიას, საფრაგეთსა და ბრიტანეთს ირანზე სანქციების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ირანის მხრიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის გაწყვეტას ეხმაურება და გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციის აღდგენისკენ მოუწოდებს

საარის თქმით, ირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყველა თავის ვალდებულებაზე თქვა უარი და საერთაშორისო საზოგადოებამ მისი ამბიციების შესაჩერებლად ყველა ზომას უნდა მიმართოს.

ამის შესახებ საარი X-ზე წერს.

"საპასუხო მექანიზმის გააქტიურების დრო არის ახლა! 

E3-ის ქვეყნებს, გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს, მოვუწოდებ, რომ ირანის წინააღმდეგ ყველა სანქცია აღადგინონ!

ირანმა ახლახან გააკეთა სკანდალური განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ეს ყველა მის ბირთვულ ვალდებულებასა და მოვალეობაზე სრული უარის თქმაა.

საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა მტკიცედ უნდა იმოქმედოს და ირანის ბირთვული ამბიციების შესაჩერებლად ყველა საშუალება გამოიყენოს". - წერს საარი. 

საპასუხო მექანიზმი ირანთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ირანის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ხელახლა ავტომატურად შემოღებას ითვალისწინებს. 

ცოტა ხნით ადრე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას წყვეტს.

მანამდე, 25 ივნისს ირანის პარლამენტმა გაეროს ატომურ ზედამხედველ სააგენტოსთან (IAEA) თანაშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი. თეირანის მიხედვით, სააგენტოს შემუშავებული ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებს, ისრაელს კონფლიქტის დაწყებისკენ უბიძგა

კომენტარები