ქართულმა ოცნებამ დღეს, 2 ივლისს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში.
ცვლილებების თანახმად, საქართველოში არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით, შსს-ს უცხოელის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შემოწმების, ან სხვაგვარ კერძო საკუთრებაში შესვლის უფლებაც ექნება.
ოცნების ინიციატივით, კანონს დაემატა შემდეგი პუნქტები:
- საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად
- იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას შსს-ს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა
უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს, შსს-ს წარმომადგენელს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერებაც შეეძლება.
სამუშაო ადგილის შემოწმების დროს, შსს-ს უფლება ექნება, დამსაქმებელს იმ დოკუმენტის დათვალიერება მოსთხოვოს, რომელიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებს.





