ირანის ბირთვული პროგრამა

Axios: ისრაელის შეფასებით, იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა "მნიშვნელოვნად" დააზიანა

გამოცემა Axios წერს, რომ ისრაელის დაზვერვის მიხედვით, აშშ-სა და ისრაელის იერიშებმა "ძალიან მნიშვნელოვანი" ზიანი მიაყენეს ირანის ბირთვულ ობიექტებს.

ამასთან, გამოცემის მიხედვით, რამდენიმე ისრაელელი მაღალჩინოსანი განცვიფრებული დატოვა მედიაში გაჟონილმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც აშშ-ს დაზვერვის წინასწარი შეფასებით, აშშ-ს დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა სრულად ვერ გაანადგურა და მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა.

სამმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ აშშ-ს მსგავსად ჯერჯერობით საბოლოო შეფასება არც ისრაელს აქვს იმის შესახებ, თუ რამდენად დააზიანა დაბომბვის კამპანიამ ირანის ბირთვული პროგრამა. 

თუმცა, ისრაელის პირველადი შეფასება ბევრად უფრო ოპტიმისტურ სურათს ხატავს ვიდრე მედიაში გაჟონილი პენტაგონის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს წინასწარი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხდა. 

მანამდე, CNN აშშ-ს დაზვერვის პირველად მონაცემებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ს მიერ მიტანილ სამხედრო იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და ამან, სავარაუდოდ, პროგრამის მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხება გამოიწვია. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს "სავარაუდო შეფასება ცალსახად მცდარია". 

"ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა აშკარადა მცდელობაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაამცირონ და დისკრედიტაცია გაუწიონ მამაც პილოტებს, რომლებმაც სრულყოფილად შესრულებული მისია ჩაატარეს ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად." - დაამატა ლივიტმა.

კომენტარები