ირან-ისრაელის კონფლიქტი

მედია: ტრამპისა და ნეთანიაჰუს საუბრის შემდეგ ისრაელი ირანში მხოლოდ ერთ სამიზნეს დაარტყამს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
AP Photo/ Mark Schiefelbein

გამოცემა Jerusalem Post ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელი ირანზე იერიშის ფარგლებში მხოლოდ ერთ სამიზნეს დაარტყამს.

გამოცემის წყაროს თანახმად, საუბრის დროს ტრამპმა ნეთანიაჰუს "თავდასხმის სრულად შეჩერება" მოსთხოვა, ნეთანიაჰუმ კი უპასუხა, რომ "იერიში აუცილებელია". 

ცოტა ხნით ადრე, გამოცემის ჟურნალისტი, ამიხაი შტაინი წერდა, რომ ისრაელი "სიმბოლურად" ერთი სამიზნისთვის დარტყმას განიხილავდა.

ცნობისთვის, ტრამპი ირანსა და ისრაელს შორის დღეს დილით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დარღვევის შემდეგ ისრაელს მოუწოდებდა, რომ ბომბებით იერიში არ მიეტანა და ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

ტრამპმა ჰააგაში NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე მწვავედ გააკრიტიკა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლამდე ირანზე მიტანილი იერიშებისთვის და ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ საჰაერო იერიშების მომზადებისთვის მას შემდეგ, რაც მან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. 

"ორი ქვეყანა გვყავს, რომლებიც იმდენი ხანია იბრძვიან, რომ არც იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ". - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს ირან-ისრაელის კონფლიქტზე საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილას დაირღვა, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კი IDF-ს უბრძანა, რომ "ძალით უპასუხოს ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, თეირანის გულში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური იერიშების მიტანით".

კომენტარები