ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს და ირიბად მოუწოდებს აშშ-ს, დაუყონებლივ მიიღოს ზომები სიტუაციის დასამშვიდებლად.
სამინისტროს სპიკერის, ხუი ძიაქუნის თქმით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავება არავის ინტერესში არ არის.
"ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება არავის ინტერესში არ არის. სიტუაციის გამწვავება, მუქარებისა და წნეხის გამოყენება სიტუაციის დეესკალაციას არ ეხმარება და მხოლოდ გაამძაფრებს დაძაბულობას და გაზრდის კონფლიქტს. ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ისრაელზე, აიღონ პასუხისმგებლობა და დაუყონებლივ მიიღონ ზომები სიტუაციის დასამშვიდებლად და არ მისცენ კონფლიქტს უფრო ფართოდ გავრცელების საშუალება" – ამბობს ძიაქუნი.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
18 ივნისს, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანში არსებულ ცენტრიფუგებისა და სარაკეტო წარმოების ობიექტებზე იერიშები მიიტანეს.
მანამდე IDF-მა თეირანის მოსახლეობისთვის გაფრთხილება გამოსცა, რომელშიც ქალაქის მე-18 რაიონში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა ამ ტერიტორიაზე ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი ოპერაციებიდან გამომდინარე.
ამასთანავე, დაზვერვის ღია წყაროები წერენ, რომ თეირანის მახლობლად ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ხოჯირის ბალისტიკური რაკეტების საწარმოზე, რაც ერთ-ერთ უდიდესია ქვეყანაში.





