ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ისრაელის სავარაუდო დარტყმების წინ, თეირანის მოსახლეობას აფრთხილებს და დედაქალაქის დატოვებას ურჩევს.
თავდაცვის ძალები შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
"პატივცემულო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ დატოვოთ ფოტოზე მითითებული თეირანის ტერიტორია". – წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ რაიონში, უახლოეს საათებში ისრაელის არმია იმოქმედებს.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.





