წულუკიანის კომისია

ვაშაძე: წულუკიანის კომისიაზე დაბარების ოქმიც არ მომსვლია, რადგან ეს საქმე არის პოლიტიკური

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თეა წულუკიანის კომისიაზე მისი გამოუცხადებლობის საქმის სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე დაბარების ოქმი მისთვის არ გაუგზავნიათ, გაუგზავნეს მხოლოდ სატელეფონო შეტყობინება და შესაბამისად, არანაირი ფორმალობა დაცული არ ყოფილა.

"ეს დაბარება მაინც ხომ შეიძლება, რომ ისე გააფორმოს, რომ ფორმალურად მაინც შესაბამისობაში იყოს კანონთან. ელემენტარული ფორმალურობა ხომ უნდა დაიცვას, ეს ოქმი, კომისიაზე მოწვევის თუ დაბარების მე არ მომსვლია. SMS გავუგზავნეთო ტელეფონზე, SMS კანონით არაფრად არ ითვლება, რას ნიშნავს ანუ მე რომ SMS გამოგიგზავნოთ, "ქალბატონო ნინო, გადადეთ ახლა ეს პროცესი" - გადადებთ? მიიღებთ ამას რაიმე ცნობად? თუ რაიმე მოთხოვნა მაქვს, უნდა მოვიტანო კანონიერი მოთხოვნა, დასაბუთება უნდა მოგიტანოთ, რაზეც მერე იმსჯელებთ და გადადებთ ან არ გადადებთ.

[...] პროკურატურამ, მაგალითად, როცა ჰქონდა სურვილი, რომ დავებარებინე საქმეზე თუ საქმე აღეძრა, ადგა, მომძებნა, არ ვარ რთულად საპოვნელი, და მიპოვა, მაშინ რატომ არ დაიცვა ეს ყველაფერი კომისიამ? რატომ არის საერთოდ ეს საქმე აღძრული? იმიტომ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და არა იმიტომ, რომ რამე სამართლებრივი შემადგენელია". - თქვა ვაშაძემ.

პოლიტიკოსმა ასევე მიმართა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელმაც აქციების დროს დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და უთხრა, რომ ის პოლიტიკურ საქმეებზე "შეწირულივით არის".

"რა თქმა უნდა, საუბარს აზრი არ აქვს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ჩვენ ზუსტად ვიცით რა ბრძოლაში ვართ, ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთვის ვიბრძვით და ვიცით, რომ აქ იმიტომ კიარ ვარ რომ რამე დანაშაული მაქვს ჩადენილი, არამედ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა გარკვეულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, არის არალეგიტიმური და უნდა, რომ მისი ოპონენტები გაუშვას ციხეში, ჰყავდეს სისხლის სამართლის პასუხისგების ქვეშ, სასამართლო გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ახალგაზრდა ხალხი ჩასვას ციხეში. როგორ შეიძლება, რომ მსახიობები, ექიმები, სტუდენტები ციხეში ისხდნენ - რისთვის? რომ პროტესტზე გამოვიდა და იცავს საკუთარი ქვეყნის უფლებებს. ან კიდევ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იყოს ციხეში, რატომ არის ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში, რა, მიუვარდება [ირაკლი] დგებუაძეს და მეორე ლოყაში გაარტყამს ხელს?

[...] იმიტომ ვარ აქ, რომ ვისაუბრო და საერთო კონტექსტი მოვყვე. რეალურად რატომ ვიბრძვით ჩვენ? იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომ მოსამართლემ არასდროს დავალება არ მიიღოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, კლანი არ მართავდეს სასამართლოს, პროკურატურას არ მართავდნენ "ეფესბეს" აგენტები, დამოუკიდებელი იყოს მოსამართლეც, პროკურორიც, როგორც არის ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ასე არ არის და თქვენ ამ ყველაფრის თანამონაწილე რომ ხართ მათე დევიძის საქმეზე აჩვენებთ, ახლა ჩემსაზე აჩვენებთ, კიდევ სხვა საქმეები გაქვთ, რაღაც შეწირულივით ხართ ამ პოლიტიკურ საქმეებზე და რა ვიცი, რისთვის, რატომ". - უთხრა გალუსტაშვილს ვაშაძემ.

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ვაშაძემ თანხის გადახდის ნაცვლად, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩადო.

ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიამ" გიორგი ვაშაძე 11 აპრილის სხდომაზე დაიბარა. ვაშაძემ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა.

კომენტარები