დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

სტარმერის თქმით, გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში ავიაგამანადგურებლებს აგზავნის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი ქვეყანა, ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე, ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტ ავიაგამანადგურებელს აგზავნის. 

სტრარმერის თქმით, ბრიტანეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები "რეგიონის მასშტაბით კონტინგენტის გასაძლიერებლად იგზავნება". 

პრემიერმიმინისტრის თქმით, სიტუაცია სწრაფად ვითარდება, რის გამოც მოკავშირეებთან ერთად საკითხზე განგრძობითი მსჯელობა მიმდინარეობს, ხოლო "მუდმივი მესიჯი დეესკალაციაა". 

გაერთიანებულმა სამეფომ გასულ წელს განაცხადა, რომ რეგიონში საბრძოლო თვითმფრინავები განალაგა, რომლებსაც წვლილი შეჰქონდათ ესკალაციის თავიდან არიდებაში. 

კირ სტარმერმა ზემოხსენებული კომენტარები G7-ის სამიტზე დასასწრებად კანადაში ჩასვლის შემდეგ გააკეთა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტზე ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა "ინტენსიურ" განვითარებაზე იმსჯელებენ. 

"ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგიონში სამხედრო შეიარაღების გაგზავნა, მათ შორის, ავიაგამანადგურებლებისა, რაც რეგიონის მასშტაბით კონტინგენტის გაძლიერებისთვის მიზნით ხდება. ჩვენი მუდმივი მესიჯი დეესკალაციაა, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყოველი დისკუსია, რომელიც გვაქვს, დეესკალაციას ეხება". - თქვა სტარმერმა რეპორტიორებთან საუბრისას. 

პრემიერმინისტრმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, ჩაერთვებოდა თუ არა გაერთიანებული სამეფო ირანთან კონფლიქტში ისრაელის დასაცავად. 

"მე კარგი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა პრემიერმინისტრ [ბენიამინ] ნეთანიაჰუსთან გუშინ და ეს მოიცავდა ისრაელის დაცულობისა და უსაფრთხოების შესახებ მსჯელობას, როგორც მოგეხსენებათ, ორ მოკავშირეს შორის". - თქვა სტარმერმა. 

სტარმერმა კვლავ გაიმეორა, რომ გაერთიანებულ სამეფო დიდი ხანია, შეშფოთებული ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და აღიარებს ისრაელის მიერ საკუთარი თავის დაცვის უფლებას. 

ცოტა ხნის წინ ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით დაემუქრა, თუ ისინი ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან

 

ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა. 

"აღმავალი ლომის" სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა. 

ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა. 

კომენტარები