ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის საწინააღმდეგო მარშის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც ეგვიპტე-ღაზას საზღვარზე დემონსტრაციის ჩასატარებლად მიემართებოდა, ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა და მშობლიურ ქვეყნებში დააბრუნა.
ორგანიზატორების განცხადებით, ასობით დაკავებულის დეპორტაცია კაიროდან ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მოხდა. მათი თქმით, დემონსტრანტები 13 ივნისს კაიროს გარეუბანში შეკრებას გეგმავდნენ, რათა კვირას დაგეგმილი მარშისთვის მომზადებულიყვნენ.
მათი თქმით, ეგვიპტის ხელისუფლებას მათთვის ჯერ არ მიუცია სინაის გავლით გადაადგილების ნებართვა.
ჯგუფის სპიკერის, ჰიშამ ელ-ღაუს განცხადებით, აქტივისტები დემონსტრაციებისგან თავს შეიკავებენ მანამ, სანამ არ მიიღებენ მკაფიო პასუხს, მისცემს თუ არა ეგვიპტის მთავრობა მათ მარშის ჩატარების ნებართვას.
"მოვუწოდებთ ეგვიპტის მთავრობას, ამ მშვიდობიან მარშის ჩატარების ნება დართოს, რომელიც თავსებადია ეგვიპტის მიერ გამოცხადებულ ვალდებულებასთან, განამტკიცოს სტაბილურობა საზღვარზე და რეაგირება მოახდინოს ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისზე". - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ამავე დროს ავტოკოლონა, რომელიც ალჟირიდან, ტუნისიდან და ლიბიიდან მოემართებოდა, ლიბიის ხელისუფლებამ ქალაქ სირტეში, ლიბია-ეგვიპტის საზღვრიდან 940 კილომეტრში შეაჩერა.
ბენღაზიში დაფუძნებულმა ლიბიის მთავრობამ აქტივისტებს მოუწოდა "კოორდინაციაში იყვნენ ოფიციალურ ლიბიურ უწყებებთან, რათა უზრუნველყონ მონაწილეთა უსაფრთხოება".





