შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს.
"გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა,რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე,
ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით,ასევე,დადგინდა, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის - თ.შ.-სთვის,თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.





