ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა.
IDF ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შემდგომ განკარგულებამდე თავშესაფარში დარჩნენ.
"მილიონობით ისრაელელი კიდევ ერთხელ მირბის თავშესაფარში, როდესაც ირანის მხრიდან რაკეტების მორიგი გაშვების შემდეგ სირენების ხმა მთელი ისრაელის მასშტაბით ისმის". - წერს IDF.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.
ისრაელურ მედიაში სასწრაფო სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი სერიოზულ მდგომარეობაში, 8 საშუალოდ დაშავდა, ხოლო დანარჩენებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.





