ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები შეამჩნიეს, რომელთა ჩამოგდებაზე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.
"თავდაცვის სისტემები მუშაობს, რათა საფრთხე ჩამოაგდოს. მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ თავი დაცულ დაწესებულებებს შეაფარონ და შემდეგ განკარგულებამდე იქ დარჩნენ. დაცული სივრცის დატოვება მხოლოდ მკაფიო დირექტივის შემდეგ არის ნებადართული". - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
Times of Israel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ისრაელში ამჟამად განგაშის სირენებია ჩართული.
რაკეტების სავარაუდო სროლის შემდეგ თელ-ავივში კვამლი ჩანს. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის.
თავდაპირველად ინფორმაციის გავრცელების შემდეგ IDF-მ X-ზე დაწერა, რომ ირანის იერიში მიმდინარეობს და ირანმა ისრაელის მიმართულებით დამატებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.





