გახარია-საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მისი ქმარი, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
"ძალიან სერიოზული განცხადებაა, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მოცემულობას აღწერს. რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოძიების იმედი არავის ჰქონდეს, მაგრამ ეს სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში გამოსაძიებელია". - თქვა ლილუაშვილმა.
თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მის ქმარს, კოტე იოსელიანს სახლთან 5 ნიღბიანი პირი დახვდა, თვალები აუხვია და მანქანით გაიტაცა. ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ იოსელიანი სუს-ის შენობაში ჰყავდათ.
"ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი (10 წლის) შვილის სკოლისა და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით". - თქვა ბოკუჩავამ.
8 ივნისს კოტე იოსელიანმა Facebook-ზე 50-წამიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.





