ირანის ბირთვული პროგრამა

ხამენეი უარყოფს აშშ-ს წინადადებას და ამბობს, რომ ირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
Photo: ATTA KENARE/AFP

ირანის რეჟიმის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ აშშ-ს წინადადება ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის. 

ცნობისთვის, ირანის გამდიდრების საკითხი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მთავარ უთანხმოების საბაბად რჩება. ხოლო ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირანისთვის ურანის გამდიდრება ბირთვული პროგრამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 

"დამოუკიდებლობა აშშ-სა და ამერიკისნაირების მხრიდან მწვანე შუქისთვის არ დალოდებას ნიშნავს". - თქვა ხამენეიმ და დაამატა, რომ ამერიკული მხარის წინადადება "100%-ით ეწინააღმდეგება" 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეალებს. 

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 ივნისს Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამის სრულ განიარაღებას მოსთხოვს. 

"ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში - ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!" - დაწერა ტრამპმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე. 

ტრამპის პოსტამდე გამოცემა Axios წერდა, რომ უიტკოფის ბოლო წინადადებით, ირანი შეზღუდული სახით დაბალი დონის ურანის გამდიდრების შესაძლებლობებს შეინარჩუნებდა. 

Axios-ის მიხედვით, ირანის მიწისქვეშა ობიექტები დროებით "უმოქმედო" გახდებოდა, ხოლო მიწისზედა ურანის განვითარების ობიექტები დროებით შეიზღუდებოდა იმ დონემდე, რაც ბირთვული რეაქტორის საწვავისთვის არის საჭირო. 

ამის მიუხედავად, 3 ივნისს Reuters-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელშიც გამოცემა წერდა, რომ ირანი აშშ-ს შეთავაზებულ ბირთვულ შეთანხმებაზე უარის თქმას აპირებს.

"ირანი უარყოფით პასუხს ამზადებს აშშ-ს წინადადებაზე, რაც შემოთავაზებაზე უარს ნიშნავს" – ამბობს ანონიმური წყარო. 

"ამ შეთავაზებაში, აშშ-ს პოზიცია ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შესახებ პოზიცია უცვლელია და სანქციების მოხსნის შესახებ გარკვევით არაფერი წერია" – ამბობს დიპლომატი Reuters-თან.

კომენტარები